"ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ენკას" თანამშრომლები სავარაუდოდ, პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით"
31/05/2021 05:38:00 საზოგადოება
"რიონის ხეობის მცველები" სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები და დღესაც შეეცდებიან, რომ კომპანიის ტექნიკისა და მუშახელის გადაადგილებას ხელი შეუშალონ. თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ "ენკას" თანამშრომლები სავარაუდოდ, პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამახვანის მიმართულებით.
"რიონის ხეობის მცველის" მაკა სულაძის თქმით, აქტივისტებს არ აქვთ მექანიზმი, იმისათვის, რომ გადაამოწმონ ვინ გადაჰყავთ პოლიციის თანამშრომლებს სპეცმანქანებით.
"აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ. სიტუაციის მიხედვით ვაგრძელებთ აქ ყოფნას", -განაცხადა მაკა სულაძემ.
"რიონის ხეობის მცველები" მოუწოდებენ მხარდამჭერებს, რომ შეუერთდნენ და ერთობლივი ძალებით შეუზღუდონ გადაადგილება „ენკას“ ავტომობილებს.
ვითარება რიონის ხეობაში გუშინ საღამოს რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი აქტივისტი დააკავა.


