მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა
30/05/2021 13:24:01 საზოგადოება
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ამავე ეპარქიის იღუმენი დანიელი (გვილავა) სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. ამის შესახებ მეუფემ ქადაგების დროს განაცხადა.
"განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. დღეიდან მას აღარ ეწოდება იღუმენი დანიელი, არამედ ეწოდება მონაზონი დანიელ გვილავა. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერის და გამოქვეყნებისთანავე", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება საეკლესიო ქონების აღწერას, რადგან ამის გაკეთება არ ისურვეს, აღწერა აუდიტის საშუალებით მოხდება.
მამა დანიელ გვილავა კი აცხადებს, რომ აუდიტის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მართვა-გამგეობის ვინმესთვის გადაბარებას არ აპირებს:
"სტეფანე არასდროს მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ. ვიცხოვრებ მონასტერში, გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოუვლი ჩვენს ნაშრომს, ნაოფლარს, აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ, ამას სულ ვამბობდი, მოვიდნენ დაათვალიერონ, ნახონ რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ მართვა-გამგეობას არავის გადავაბარებ".
მოგვიანებით, ჭყონდიდის ეპარქიამ იღუმენ დანიელის სამღვდელო ხარისხიდან განკვეთის ბრძანება გამოაქვეყნა:
ჭყონდიდის ეპარქიაში ადგილობრივი სამღვდელოების ნაწილსა და მიტროპოლიტ სტეფანეს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს.


