"ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, არის გადაკეტილი"
30/05/2021 09:55:04 საზოგადოება
"ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, არის გადაკეტილი", – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა კარავი სოფელ სორმონშიც გაშალეს.
ჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, აღნიშნული გზით ხეობა „მწვანე ყვავილას“ დასახლებას უერთდება, საიდანაც ხეობაში კომპანიის თანამშრომლები შედიოდნენ.
"ეს არის „მწვანე ყვავილას“ გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა. გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ რომელიმე გზიდან შევიდეს კომპანია ხეობაში. ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ფიზიკურად ვერ გაეტევა, ვიწრო გზა არის, მაგრამ დადიოდნენ პატარა სატრანსპორტო საშუალებებით, მუშახელი შეყავდათ ალბათ“, - განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, გზა ისევ გადაკეტილი რჩება „გუმათჰესთან“ და კომპანია "ენკას" ბაზასთან.


