კანადის ერთ-ერთი ყოფილი სკოლა-პანსიონატის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს
29/05/2021 14:22:32 მსოფლიო
კანადის ერთ-ერთი ყოფილი სკოლა-პანსიონატის ტერიტორიაზე 215 ბავშვის ნეშტი აღმოაჩინეს.
როგორც CNN იუწყება, სკოლა-პანსიონატი Kamloops Indian Residential School მე–19 საუკუნის ბოლოს მკვიდრი მოსახლეობის ძალისმიერი გზით ასიმილაციისთვის შეიქმნა. აღნიშნულ დაწესებულებაში იძულებით შეიყვანეს ათასობით ბავშვი, რომლებსაც ოჯახები ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
ინდიელთა სათვისტომოში აცხადებენ, რომ მათი შვილები ვალდებულები იყვნენ, მსგავს სკოლა-ინტერნატებში ესწავლათ.
"მე ვიყავი ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და 1966 წელს მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე აღარ უნდოდა. მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მიღებულ ტრავმას ომში ტყვედ ჩავარდნას შევადარებდი. ჩემმა მშობლებმა, რომლებსაც თავადაც ეს სკოლა ჰქონდათ გამოვლილი, 7 შვილი ამავე დაწესებულებაში შეიყვანეს. უბრალოდ არ არსებობდა სხვა გამოსავალი. ეს იყო კანონი. წარმომიდგენია, რას განიცდიდნენ ისინი, როცა შვილები ამ სკოლა –პანსიონატში შეიყვანეს. სწავლის პერიოდში ჩემი არაერთი თანაკლასელი და მეგობარი გაუჩინარდა, თუმცა ყველას იმედი გვქონდა, რომ მათ უბრალოდ გაქცევა მოახერხეს", – ჰყვება CNN-თან სკოლის ერთ-ერთი ყოფილი მოსწავლე ჰარვი მაკლეოდი.
Kamloops Indian Residential School 1978 წელს დაიხურა. იგი გაიხსნა და იმართებოდა კათოლიკური ეკლესიის მიერ, ხოლო ფედერალური მთავრობის მიერ – 1960-იანი წლების ბოლოდან.
2015 წელს "კანადის სიმართლისა და შერიგების კომისიამ" გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ბავშვებზე ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობა ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.
კომისიის ცნობით, სკოლა-ინტერნატებში ყოფნისას გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა 4 000–ს აჭარბებს. ანგარიშში აღიარებულია, რომ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.
როგორც კანადის პემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, „აღმოჩენა არის მტკივნეული შეხსენება ქვეყნის ისტორიის სამარცხვინო თავის შესახებ“.
2008 წელს კანადის მთავრობამ მკვიდრი მოსახლეობის ძალისმიერი გზით ასიმილაციის მიზნით შექმნილი სასკოლო სისტემისთვის ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.


