Accentnews.ge
Reuters - NATO​-მ ბელარუსის შესახებ განცხადება თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით შეარბილა

Reuters - NATO​-მ ბელარუსის შესახებ განცხადება თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით შეარბილა

28/05/2021 16:13:44 მსოფლიო

NATO​-მ ბელარუსის შესახებ განცხადება თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით შეარბილა, - იუწყება Reuters დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

"ალიანსის მიერ მინსკის ინციდენტის თაობაზე გუშინ გამოქვეყნებულ ორაბზაციან განცხადებაში დაგმობილია Ryanair–ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავების ფაქტი, თუმცა თურქეთის ზეგავლენის შედეგად, განცხადების ტექსტი არ შეიცავს საპასუხო სადამსჯელო ნაბიჯს, რომლისკენაც ალიანსს პოლონეთი და ბალტიისპირელი მოკავშირეები დაჟინებით მოუწოდებდნენ", – წერს გამოცემა.

მისივე ცნობით, გუშინდელი განცხადება ნაკლებად მწვავე იყო, ვიდრე NATO​–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საჯარო გამონათქვამები, რომელმაც მომხდარს "სახელმწიფოს გატაცება" და "აღმაშფოთებელი" უწოდა.

როგორც გამოცემა იუწყება, თურქეთის მოქმედების მოტივი უცნობია.

დიპლომატიური წყაროები გამოცემასთან აცხადებენ, რომ ანკარას ქმედების მიზანი შესაძლოა, იყოს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, რომელიც ბელარუსის მჭიდრო მოკავშირეა. დიპლომატების ვარაუდით, კიდევ ერთი მოტივი შესაძლოა, იყოს თურქეთის სურვილი, მიიღოს რუსი ტურისტები ზაფხულისთვის.

Reuters–ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხსენებულ საკითხზე კომენტარს ჯერ–ჯერობით არ აკეთებს.

"ანკარამ არაერთხელ თქვა, რომ იგი მხარს უჭერს NATO–ს, მაგრამ მას აქვს საკუთარი სუვერენული საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება", – დასძენს გამოცემა.

რა განცხადება გაავრცელა ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბელარუსს ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორის რომან პროტასევიჩისა და მისი მეგობარი სოფია საპეგას "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"ჩრდილოატლანტიკური საბჭო მკაცრად გმობს მინსკში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიმავალი Ryanair–ის თვითმფრინავი ბელარუსში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ამ მიუღებელმა ქმედებამ დაარღვია სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ნორმები და საფრთხე შეუქმნა მგზავრებისა და ეკიპაჟის სიცოცხლეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას, მათ შორის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ. ამასთან, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოკავშირეების მიერ ამ ინციდენტის საპასუხოდ ინდივიდუალურად და კოლექტიურად განხორციელებულ ზომებს. ბატონი პროტასევიჩის დაპატიმრება შეურაცხყოფს პოლიტიკური ღირსებისა და პრესის თავისუფლების პრინციპებს. ბელარუსმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ბატონი პროტასევიჩი და ქალბატონი საპეგა. ნატო–ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და დაიცვას წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ ლატვიას", – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.

მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S