ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა: "მსურს, პუტინს Ryanair–ის ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე დოკუმენტი გავაცნო"
28/05/2021 15:37:14 მსოფლიო
სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა მიმდინარეობს.
"მსურს, პუტინს Ryanair–ის ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე დოკუმენტი გავაცნო", – განაცხდა, რუსული მედიის ცნობით, ლუკაშენკომ.
მანამდე კრემლის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შემდეგ პუტინისა და ლუკაშენკოს განცხადებები პრესისთვის დაგეგმილი არ არის.
ცნობისთვის: 23 მაისს ბელარუსმა ჰაერში გამანადგურებელი აუშვა, რათა ეიძულებინა Ryanair-ის თვითმფრინავი, კურსი შეეცვალა და მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად "ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება" დასახელდა. ხსენებული რეისით მიფრინავდა ოპოზიციონერი, ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც შემდეგ მინსკის აეროპორტში მეგობარ ქალთან ერთად დააკავეს.
მომხდარმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთმა ლიდერმა ლუკაშენკოს რეჟიმი "სახელმწიფო ტერორიზმში" დააანაშაულა. ევროკავშირმა მინსკი ახალი სანქციების შესახებ გააფრთხილა. რიგმა ქვეყნებმა ბელარუსის თავზე ფრენა შეაჩერეს.


