წულუკიანი – "რიონის მცველებზე": "ვისურვებდი, მთავრობის კონსტრუქციული მიდგომა დაინახონ"
28/05/2021 07:40:02 პოლიტიკა, საზოგადოება
კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ "რიონის ხეობის მცველები" და პროტესტის მონაწილეები მთავრობის კონსტრუქციულ მიდგომას დაინახავენ. მისივე თქმით, სახელმწიფოს კარი დიალოგისთვის ღიაა.
„ვისურვებდი და კარგი იქნებოდა, რომ პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობისა და ეკონომიკური გუნდის მიდგომა, რომელიც არის აბსოლუტურად კონსტრუქციული. თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამის უწყებებთან ერთად შეაჩერა კაშხლის მშენებლობა, რაც მორატორიუმის ფორმით გამოიხატა. ასევე არის მოწვეული არაერთი უცხოელი ექსპერტი, რომელიც იტყვის, რა არის ოპტიმალური გამოსავალი იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ თემაზე საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი იყოს უპირველესი. ამასთან, ტექნოლოგიური გადაწყვეტა როგორი სჯობს. ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ღია მყარი და კონსტრუქციული მიდგომაც, ეკონომიკის სამინისტროს მიდგომა სახეზეა. იმედი მაქვს, ამას ყველა დაინახავს და დიალოგი იქნება შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული. მთავრობის მხრიდან მე ვხედავ სრულ მზაობას და კონსტრუქციულ მიდგომას ამ რთული საკითხისადმი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.


