მოქალაქეების კამპანია სოციალურ ქსელში: „მე გადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის“
28/05/2021 07:35:31 საზოგადოება
"ფეისბუქის" მომხმარებელთა ნაწილმა სოციალურ ქსელში დაიწყეს კამპანია "ჰეშთეგით" – „მე გადავრიცხე 1 ლარი რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, კამპანიის მიზანია გასცენ პასუხი კითხვას, თუ ვინ აფინანსებს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა სამოქალაქო მოძრაობას.
"ჩვენ, როგორც რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობის მხარდამჭერი კოლექტივი, რომელსაც არაერთხელ შეგვიგროვებია ფინანსები ამ ბრძოლის სხვადასხვა საჭიროებებისათვის, ვიწყებთ კამპანიას ჰეშთეგით # "მეგადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის!" როგორც იცით, უკანასკნელ დღეებში გაჩნდა კითხვები რიონის ხეობის მოძრაობის ფინანსების შესახებ. მთავრობის მიერ დაფინანსებული ფეისბუქ გვერდები და გარკვეული მედიები ამ მიმართულებით მოძრაობის დისკრედიტაციას ცდილობენ. როგორც იცით, რიონის ხეობის მოძრაობას დღიდან დასაწყისისა, ფინანსურად და არამხოლოდ ფინანსურად, სხვადასხვა რესურსებით მხარში უდგანან ამ ბრძოლის მხარდამჭერები, მათ შორის, განსაკუთრებით ქართველი ემიგრანტები მთელი მსოფლიოდან. გთხოვთ, ყველამ, ვისაც გადაგირიცხავთ ნებისმიერი ოდენობის თანხა რიონის ხეობის მოძრაობის ანგარიშზე, გადაიღოთ ფოტო ტექსტით და ჰაშთაგით #მეგადავრიცხე რიონის ხეობის გადარჩენისთვის, ატვირთოთ თქვენს პირად კედელზე და გამოგვიგზავნოთ. ვაჩვენოთ, რომ რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლას ჰყავს ერთადერთი დამფინანსებელი და ეს არის ხალხი!დროა, ხალხის მხარდაჭერისა და სახალხო დაფინანსების კულტურა ვაქციოთ თვითორგანიზების მექანიზმად, რომელიც დაგვეხმარება პოლიტიკური და კორპორატიული ფულისგან და ინტერესებისგან თავისუფალი, სამართლიანი ბრძოლების წარმოებისთვის!", –წერენ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები სოცილაურ ქსელში და
ცნობისთვის: 27 მაისს "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დაფინანსების შესახებ დოკუმენტებს უახლოეს პერიოდში განასაჯაროებენ.
მანამდე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქციას „დიდი ფულით“ აფინანსებენ და აქციის ორგანიზატორებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.


