რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა
27/05/2021 17:37:31 საზოგადოება
რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ვითარება მკვეთრად დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულმა მომიტიგეები რკინის ბარიერის გადალახვას ცდილობენ. ადგილზე შეხლა–შემოხლაა. რამდენიმე მომიტიმგე პირველი შეტაკებისას, სავარაუდოდ, სიმჭიდროვის გამო შეუძლოდ გახდა და ისინი ტერიტორიას გაარიდეს. სამართალდამცველებმა დამატებითი ბარიერი შექმნეს. ადგილზე პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზებაა.
„აქციის ორი მონაწილე ხელების გადაგრეხვით გაიტაცეს“ – აცხადებენ მომიტინგეები.
როგორც მომიტიმგეები განმარტავენ, ვიდრე პოლიცია დამატებით ბარიერებს აღმართავდა, აქციის მონაწილეები საკუთარი სახლების მიმართულებით გეგმავდნენ ხელებაწეულები გზის გაგრძელებას, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს და ეს გახდა შეხლა–შემოხლის მიზეზიც.
"სადმე ხომ არ ვიჭრებით, სახლლების მიმართულებით წასვლას ვცდილობთ. 214 დღეა აქ ვართ და სადმე შევიჭერით?"– კითხულობს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გუმათში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონის მოთხოვნები დაიცვან და სიმშვიდე შეინარჩუნონ.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე რეაგირებას მოახდენს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„ენკას“ ინფორმაციით, კომპანიამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეზღუდა.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს.
„კომპანია “ენკას” არ შეუჩერებია მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოები. დღეს ნაწილობრივ შეიზღუდა მძიმე ტექნიკის გადაადგილება, რათა ადგილი არ ჰქონოდა ესკალაციას. სხვა ტიპის მოსამზადებელი სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვების საფუძველზე”, – აღნიშნავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელების მიერ დამონტაჟებული რკინის კონსტრუქციის დაზიანების გამო შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "რიონის ხეობის მცველების" პროტესტმა თბილისიდან ხეობაში 26 მაისს გადაინაცვლა. ადგილზე მათ პოლიცია ჯებირებით და განსაკუთრებული მობილიზებით დახვდა. დემონსტრანტთა მიზანია, ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლ კომპანია "ენკას" მშენებლობის პროცესში.


