რუსეთმა ავსტრიულ თვითმფრინავს ბელარუსის საჰაერო სივრცისთვის გვერდის ავლის გამო რეისის განხორციელების უფლება არ მისცა
27/05/2021 17:01:28 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ ავსტრიულ ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზებს“ მარშრუტის ცვლილებების გამო, რაც ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლას გულისხმობდა, რეისის განხორციელების უფლება არ მისცა,– იუწყება რუსული მედია.
რეისი ვენიდან მოსკოვში უნდა განხორციელებულიყო. რეისის გაუქმებას ადასტურებენ ავსტრიულ ავიაკომპანიაშიც.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა მის სივრცეში მოქმედ ყველა გადამზიდს მოუწოდა, თავი აარიდონ ბელარუსის ტერიტორიაზე ფრენას. მიზეზი 23 მაისს მომხდარი ინციდენტია: მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს. პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების საბაბით, თვითმფრინავი მინსკში დაეშვა.


