გოლეთიანი: "რაც უნდათ ის აღძრან. რკინის ჯებირებზე ხმაური მომავალშიც გაგრძელდება"
27/05/2021 10:27:43 საზოგადოება
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მომიტინგეები გუმათში აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელებს ურტყამდნენ და ეს ხმაური მომავალშიც გაგრძელდება.
მისი თქმით, აბსურდულია შსს–ს ბრალდება, რომ აქციის მონაწილეები ბარიერს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ.
„მთელი ღამე გრძელდებოდა ბრახუნი და მართლა მიადგა ადამიანებს დაზიანებები ხელებზე. რკინის ჯებირი იმისთვის არსებობს, რომ წინააღმდეგობას გაუძლოს. მისი ფუნქცია ხომ ეს არის?! ხელის დარტყმით მას ადამიანი ვერ დააზიანებს. აწუხებთ ხმაური, სინამდვილეში ეს არის მიზეზი. ეს ხმაური აუცილებლად გაგრძელდება ჯებირზე. მოიგონეს ეს აბსურდული ბრალდება. ვიღაც ორი კაცის იდენტიფიცირებას მოახდენენ, რომელმაც რკინის დარტყმით გადაღუნა ხუთმილიმეტრიანი ლითონი, დააკავებენ და ამით დაგვაშინებენ?! რაც უნდათ ის აღძრან, ეს არ არის კანონდარღვევა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პირი დროშის ჯოხს ურტყამდა და ჩვენ გავაჩერეთ“, – განაცხადა გოლეთიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.


