გლობალური დათბობა: მსოფლიო შესაძლოა, მალე აღმოჩნდეს ტემპერატურის საშიშ ნიშნულამდე ზრდის ზღვარზე
27/05/2021 07:07:59 მსოფლიო
მსოფლიო შესაძლოა, მალე აღმოჩნდეს ჰაერის ტემპერატურის საშიშ ნიშნულამდე ზრდის ზღვარზე. ამის შესახებ "მეტეოროლოგიური მსოფლიო ორგანიზაციის" უკანასკნელ კვლევის შედეგებშია ნათქვამი.
"2025 წლისთვის დაახლოებით 40%–იანი შანსი იქნება იმისა, რომ ჰაერის ტემპერატურამ 1.5 C ̊–ით მოიმატოს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული კველევების შედეგად, ეს შანსი 20%–ით განისაზღვრებოდა. სადღეისოდ კი 40%–მდეა გაზრდილი. ეს კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელი ზარია, რომ მსოფლიოს სასიცოცხლოდ სჭირდება ვალდებულებების სწრაფად შესრულება – სათბურის აირების გამოყოფის შემცირება", – ნათქვამია კვლევაში.
2015 წელს მსოფლიოს ქვეყნები პარიზში შეთანხმდნენ, რომ შეამცირებდნენ სათბურის აირების გამოყოფასა და საუკუნის ბოლოსთვის არ დაუშვებდნენ ტემპერატურის 2 C ̊ –ზე მეტით მომატებას (იდეალურ ნიშნულად 1.5 C ̊ დაისახეს).
სპეციალისტების განცხადებით, ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოყოფილმა სათბურის აირებმა უკვე მოახდინეს სერიოზული გავლენა პლანეტაზე, მათ შორის, ასახელებენ რეკორდულ ტემპერატურებსა და პოლარული ყინულების დნობას.


