
თბილისი - სოხუმი: ჰაბიბ ნურმაგომედოვი აფხაზეთში მასტერ-კლასს ჩაატარებს
26/05/2021 20:50:15 კონფლიქტები, პოლიტიკა
UFC-ს მოქმედი ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში ჰაბიბ ნურმაგომედოვი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა და მასტერ-კლასს ჩაატარეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ღონისძიება 1 ივნისს სოხუმის "დინამოს" სტადიონზე ჩატარდება.
"ნურმაგომედოვი ახალგაზრდა სპორტსმენების კითხვებს უპასუხებს და საჩვენებელ ბრძოლებს დაესწრება. გარდა ამისა, ღონისძიებაზე ოფიციალურად გაიხსნება ეროვნული პლატფორმა "აფხაზეთის მომავალი", რომელიც ნიჭიერი აფხაზი ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მომავლის აყვავებული აფხაზეთისთვის რეფორმების შემუშავებას ისახავს მიზნად" - იუწყება აფხაზური მედია.
საგულისხმოა, რომ 2020 წლის დეკემბერში ნურმაგომედოვის მენეჯერი - რიზვან მაგომედოვი თბილისში დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ მიიღო. მხარეებმა რეგიონში შერეული საბრძოლო ხელოვნების განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. მოგვიანებით გაიმართა ონლაინ-კონფერენცია, რომელშიც ნურმაგომედოვთან ერთად ბერა ივანიშვილიც მონაწილეობდა.