"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" მომხმარებლებს "პოსტებზე" მოწონებების რაოდენობის დამალვის საშუალებას მისცემენ
26/05/2021 16:16:05 მსოფლიო
"ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" მომხმარებლებს "პოსტებზე" მოწონებების რაოდენობის დამალვის საშუალებას მისცემენ.
როგორც The Wall Street Journal იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მახასიათებლის საპილოტე ტესტებმა ვერ დაადგინა მისი მნიშვნელოვანი გავლენა ამ პლატფორმების მოხმარებაზე, კომპანია ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს.
"ფეისბუქმა", რომელიც "ინსტაგრამსაც" ფლობს, მოწონებების დამალვის ექსპერიმენტი ორი წლის წინ დაიწყო. "ინსტაგრამის" ხელმძღვანელის ადამ მოსერის განცხადებით, ასეთი ნაბიჯი შეიძლება, კარგი იყოს მომხმარებლის "ჯანმრთელობისთვის და შეამციროს მისი "პოსტების" პოპულარობით გამოწვეული შფოთვა".
მისივე თქმით, "ინსტაგრამის" მომხმარებლებს შეეძლებათ, დამალონ როგორც საკუთარი "პოსტების" მოწონებები, ისე იმ ადამიანების, რომელთა გამომწერებიც არიან.
მოწონების ღილაკი "ფეისბუქზე" 2009 წელს გამოჩნდა და წლების განმავლობაში სოციალური მედიის წარმატების მთავარ საზომად იქცა.


