„საოცრებაა, პირველად ვნახე ასეთი პანაშვიდი: ორი საქართველო იყო“ –დოლიძე გენერალ კვინიტაძის პანაშვიდზე საუბრობს
26/05/2021 14:37:06 საზოგადოება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე ხელისუფლებას საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალის პანაშვიდის ორგანიზებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.
„გერენალ კვინიტაძის გამოსვენების ცერემონიალის დროს ორი საქართველო ვნახეთ. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ არიან აზრზე, ვის პანაშვიდზე იყვნენ. ყველამ იცის, ეს კაცი ჯარისკაცთა შორის ჩვეულებრივი ჯარისკაცი იყო. საოცრებაა, პირველად ვნახე ასეთი პანაშვიდი: სამების ტაძარში ორი შესასვლელი იყო – ერთი მხრიდან შედიოდნენ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები და მეორე მხრიდან – ხალხი“,– განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 26 მაისს სამხედრო პატივით დაკრძალეს.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.


