„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა“
26/05/2021 12:50:56 საზოგადოება
„ბორჯომის“ ქარხნის ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირების ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ განაცხადა.
შეთანხმებას კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა ახალ ხელმძღვანელთან მერაბ ახმეტელთან მიაღწიეს.
გიორგი დიასამიძის თქმით, კომპანია იღებს ვალდებულებას თანამშრომლების ხელფასების ზრდასა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების თაობაზე.
როგორც დიასამიძე ამბობს, „ბორჯომის“ ქარხანა იძლევა გარანტიას, რომ არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ და მზადაა, ითანამშრომლოს პროფკავშირებთან შრომის პირობებთან დაკავშირებით.
"წარმოება უკეთესად რომ განხორციელდეს, კიდევ გაგრძელდება მუშაობა პროფკავშირების ჩართულობით", - ამბობს გიორგი დიასამიძე.
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.


