Accentnews.ge
"გენერალ კვინიტაძის ბიოგრაფია გვახსენებს, რომ არ შეიძლება, პირადულ და ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს"

"გენერალ კვინიტაძის ბიოგრაფია გვახსენებს, რომ არ შეიძლება, პირადულ და ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს"

26/05/2021 10:29:04 საზოგადოება

"უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე", – ამის შესახებ გენერალ გიორგი კვინიტაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვაშია ნათქვამი.

„გენერალ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც.

მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. სიხარული იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიყვარულით იბრუნებს თავის ერთგულ შვილებს.

ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, არ შეწყვეტილა აქ მსახურება მისი სულის საოხად. მოძღვრები და მრევლი სხვადასხვა ეკლესიისა, იხდიდნენ პანაშვიდებს, იკითხებოდა ფსალმუნები, აღევლინებოდა გალობა… გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამაც.

უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას.

მისი ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება, პირადულ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.

ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს მისი შთამომავლები და ახლობლები.

მადლობა საფრანგეთს ქართველ ემიგრანტთა მიღებისა და პატრონობისათვის.

მადლობა საქართველოს პრეზიდენტს დიდი გენერლის სამშობლოში დაბრუნების ინიციატივისათვის.

ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენ ყოველთა თანა, ამინ!“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვაში, რომელიც სამების ტაძარში შეკრებილ მოქალაქეებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ გააცნო.

ცნობისთვის: საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენეს. მას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S