"კლანი უნდა დასრულდეს" - მოსამართლეთა კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს
26/05/2021 09:00:23 საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი, აქცია "კლანი უნდა დასრულდეს" გაიმართა.
მოძრაობა სირცხვილიას პროტესტს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
"დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეალურად, მაქსიმალურად ეცდება, რომ თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას.
ეს კონფერენცია და ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს მოსამართლეებს უწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, არ არის გამჭვირვალე და არ არის სამართლიანი", - ამბობს აქციის მონაწილე ნოდარ რუხაძე.
დღეს, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დონორებისგან მიღებულ ფინანსებს "მოსამართლეების ბულინგისთვის" იყენებენ. მურუსიძე ფიქრობს, რომ ასე დამოკიდებელი სასამართლო სისტემა ვერ გაკეთდება.
"როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ დონორების ფულს და ამ ფულს იყენებენ იმაში, რომ დააბულინგონ მოსამართლეები, მათ მიმართ განახორციელონ მორალური ზეწოლა, როდესაც ტელევიზიებშიც 27/7-ზე მიმდინარეობს მოსამართლეების ლანძღვა გინება, ამით ვერ გაკეთდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. სასამართლოს სჭირდება ხელშეწყობა და არა ბულინგი", - თქვა ლევან მურუსიძემ.


