
ბაიდენმა "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე უარი თქვა
26/05/2021 08:02:26 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აზრით, პროექტ "ჩდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება ამერიკას ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებს დაუძაბავს.
"გაზსადენი თითქმის დასრულებულია და ამ ეტაპზე სანქციების შემოღება კონტრპროდუქტული იქნებოდა. იმთავითვე ამ პროექტის წინააღმდეგ ვილაშქრებდი, თუმცა გერმანიას ვერ განვუსაზღვრავ, რა აკეთოს და რა არა. ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებთან პროექტის მომავალზე მსჯელობას გააგრძელებს" - განაცხადა ბაიდენმა.
რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას "პუტინისთვის მრავალმილიარდიანი საჩუქარი" უწოდა. "მაინტერესებს, მოვა თუ არა ბაიდენის ამ მრავალმილიარდიანი საჩუქრის შემდეგ პუტინი 16 ივნისს მასთან მოლაპარაკებებზე საზეიმო ტორტით?!" - დაწერა "ტვიტერში" კრუზმა.
ცნობისთვის: გასულ კვრას აშშ-ის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროექტის ოპერატორი კომპანიის - Nord Stream2 AG-ისა და მისი გენერალური დირექტორის - მატიას ვარნიგის (რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ახლობლის - რედ.) წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს. ვაშინგტონმა მაშინ თავისი პოზიცია "ეროვნული ინტერესებით" ახსნა. 21 მაისს კი აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ პროექტის მონაწილე რიგი ხომალდებისა და კომპანიების სანქცირების შესახებ განაცხადა.