ენტონი ბლინკენი პალესტინის ლიდერს შეხვდა
25/05/2021 17:07:48 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდა.
როგორც მედია წერს, ბლინკენმა აშშ-ისა და პალესტინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ერთგულებას გაუსვა ხაზი.
ბლინკენის განცხადებით, აშშ ეწინააღმდეგება ნებისმიერ ცალმხრივ ქმედებას, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, იქნება ეს საცხოვრებელი სახლების დანგრევა, ტერიტორიის ანექსია თუ ძალადობის წახალისება.
გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა პალესტინის ლიდერთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია 75 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ მიმართავს აშშ-ის კონგრესს, რომელიც ღაზას სექტორის აღდგენისკენ იქნება მიმართული. სახელმწიფო მდივანმა პალესტინელებს კორონავირუსის ვაქცინების მიწოდების საკითხშიც აღუთქვა დახმარება.
თავის მხრივ, მაჰმუდ აბასმა მადლობა გადაუხადა ენტონი ბლინკენს პალესტინის სახელმწიფოს მხარდაჭერის საკითხში და სამომავლო დიპლომატიური საქმიანობის აღდგენის სურვილი გამოთქვა.


