„ერთმანეთის ღირსება დავიცვათ, რაღაც დავთმოთ“ – მაკა სულაძე აქციებზე ჯვრის ტარებაზე უარს ამბობს
25/05/2021 15:30:26 საზოგადოება
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან საავტომობილო გზა გადაკეტეს.
როგორც აქციის ერთ–ერთი ორგანიზაორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ეს გამაფრთხლებელი აქციაა და თუ ხვალამდე არ შესრულდება მოთხოვნები, 26 მაისს აქცია გადაინაცვლებს რიონის ხეობაში და დემონსტრანტები ორივე მხრიდან მოახდენენ ხეობის ბლოკირებას.
გოლეთიანი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებისგან ხეობის მცველები თავს იკავებდნენ, ვიდრე სხვა რესურსები არ ამოიწურებოდა.
ამის შემდეგ ფილარმონიასთან შეკრებილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და კვლავ ფილარმონიასთან დაბრუნდებიან.
აქციაზე კიდევ ერთხელ გაიჟღერა სიმბოლიკის ტარების საკითხმა.
აქციის ერთ–ერთი აქტიურმა მონაწილემ მაკა სულაძემ, რომელიც აქციებზე მუდმივად ჯვრით დადიოდა, განაცხადა, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლების პატივსაცემად უარს ამბობს ამ ფორმით პროტესტის გაგრძელებაზე.
"გთხოვთ, თუ გინდათ ვიყოთ მართლაც თავისუფლები, მართლაც დამოუკიდებლები, მართლა ღირსეული ერი, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ერთმანეთის ღირსება დავიცვათ და რაღაც დავთმოთ. თუკი ჩვენი წარდგენა საზოგადოებაში რაიმე ნიშნით პრობლემას უქმნის მოდი და შევცვალოთ. აი, მე დღეს იმ ჯვრით ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ასე დარჩება. ის ჩემი არამხოლოდ რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და ჩემი სულკურთხეული დედის სიმბოლოა, მაგრამ თუკი გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა. ამიტომ გადავწყვიტე, რადგან თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, მე ჩემი ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ განმასხვავებელი ნიშანი ატაროს", - თქვა მაკა სულაძემ.


