მდინარაძე – "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებზე: "ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს"
25/05/2021 12:10:29 პოლიტიკა, საზოგადოება
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები "ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს".
"როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარეობს აქცია, მაინცდამაინც მკაფიო არგუმენტებიც არ ჩანს. ადამიანები, რომლებიც აორგანიზებენ ამ აქციას პირდაპირ ეთერში დებატებსა და გადაცემაში მონაწილეობაზეც კი უარს ამბობენ. ჩნდება გარკვეული ეჭვები, თუმცა ამის იქით მე ახლა არ წავალ. ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს, მაგალითად, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. როცა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზეა საუბარი და კონკრეტულ შემთხვევაში 800 მილიონზე მეტ ინვესტიციაზეა საუბარი, ეს პატარა ქვეყნისთვის რას ნიშნავს, რა ხარისხის ინვესტიციაზე, ენერგოდამოუკიდებლობის რა კომპონენტსა და რა მნიშვნელოვან დეტალზეა საუბარი, ამ დროს როცა ეწინააღმდეგები, სულ ცოტა ისეთი მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომელიც გადაწონის ენერგოდამოუკიდებლობის და 800-მილიონიანი ინვესტიციის ამ ქვეყანაში ჩადების ინტერესს", – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, იგი ისურვებდა, აქციის ორგანიზატორებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დიალოგი გამართულიყო:
"ვისურვებდი, რომ ყოფილიყო მაგალითად, თანხმობა კახა კუჭავას ძალიან მაგარ ინიციატივაზე, როცა მან კომუნიკაცია თავად სცადა. როცა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გთავაზობს და შენ ეუბნები, იცი რა, უკანა ეზოში გამოდი და იქ პირდაპირ ეთერში ჩავერთოთ, ანუ, არ გინდა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. არგუმენტების ჭიდილი შესაძლებელია იყოს ერთადერთი რეცეპტი, რითაც საზოგადოება გადაწყვეტს, ვინაა მართალი, რამდენად მნიშვნელოვანია სასწორის ერთ პინაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ამ ქვეყნისთვის და მეორე მხარეს ის მითები თუ რეალობა, რომელიც მათ არგუმენტების სახით აქვთ".
როგორც მდინარაძე აცხადებს, ყველამ ერთად უნდა იფიქროს რა არის უკეთესი ქვეყნისთვის.
"როდესაც აცხადებ, რომ ყველა ჰესის მშენებლობა უნდა გაჩერდესო, ესე იგი, შენ გინდა ქვეყნის გაჩერება. [...] ვერავინ ვერ დაგვწამებს იმას, რომ ეროვნულ საკითხებზე უკან ვიხევთ პოზიტიური გაგებით", – დასძინა მდინარაძემ.
ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე მესამე დღეა, პროტესტს თბილისში აგრძელებენ. ისინი ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.
ხელისუფლება აქციის მონაწილეებს მიმართავს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.


