
უცხოური მედია – „კრიტიკოსები შიშობენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“–ს გააჩუმებს“
19/07/2019 09:05:39 სხვა, საზოგადოება
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებას გავლენიანი უცხოური გამოცემები ეხმიანებიან.
Reuters წერს, რომ ქართული ოპოზიციური სატელევიზიო არხი მოსკოვის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა.
“საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები პოპულარულ ტელეკომპანიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს, თუმცა კრიტიკოსები შიშობენ, რომ ქიბარ ხალვაში, რომელიც მმართველი კოალიცია "ქართული ოცნების" ახლო მხარდამჭერია, გააჩუმებს ერთადერთ მედიასაშუალებას, რომელიც ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს“, – წერს Reuters.
Reuters–ის ამავე სტატიას The New York Times უცვლელად აქვეყნებს.
„რუსთავი 2“ –ის საქმეს ეხმიანება BBC–სა და Deutsche Welle–ს რუსული ბიუროებიც.
როგორც BBC იუწყება, ტელეარხი პერიოდულად ხდებოდა თავდასხმების ობიექტი მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მას ყოფილი მმართველი პარტიისა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიას უწოდებდნენ.
გამოცემის ცნობით, "ქართული ოცნების" წევრებმა პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, არაერთხელ დაადანაშაულეს “რუსთავი 2” სიცრუის ტირაჟირებასა და პროვოკაციაში.
Deutsche Welle ტელეარხის გენდირექტორის დაუყოვნებლივ შეცვლაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში „რუსთავი 2“–ის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა არხის გენდირექტორად საკუთრი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა.
ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.