
ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის მამა – ვიდეოჩანაწერზე: "ჩემი შვილი აიძულეს, დანაშაული ეღიარებინა"
25/05/2021 07:17:56 მსოფლიო
ბელარუსში დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის მამა გუშინ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი შვილი აიძულეს, დანაშაული ეღიარებინა.
"ეს არ არის მისი სიტყვები, ეს არ არის მისი მეტყველების მანერა. ის ძალიან თავშეკავებულად მოქმედებს და ხედავთ, რომ ნერვიულობს. ვფიქრობ, იგი აიძულეს", - განაცხადა დიმიტრი პროტასევიჩმა.
მისი თქმით, მის შვილს სავარაუდოდ, ცხვირი გატეხილი აქვს და სახე საცხით აქვს დაფარული.
დიმიტრი პროტასევიჩი ირწმუნება, რომ არ შეიძლებოდა რომანს მასობრივი არეულობების მოწყობა ეღიარებინა, ვინაიდან მას მსგავსი რამ არ ჩაუდენია.
”ვფიქრობ, მომხდარი იყო შურისძიების აქტი, სხვების დასამოძღვრად: ნახეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. რაც ხდება სრული სიგიჟეა,"- აცხადებს დიმიტრი პროტასევიჩი.
გუშინ ბელარუსის მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს და სამართალდამცველები მას კარგად ექცევიან. ამასთან, მისი თქმით, იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით.