ავიაკომპანიები, რომლებმაც ბელარუსის თავზე ფრენები უკვე შეაჩერეს
25/05/2021 06:42:57 მსოფლიო
ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს არაერთი ავიაკომპანია აჩერებს.
იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც ბელარუსის თავზე ფრენები უკვე შეაჩერეს:
- Lufthansa (გერმანია)
- Air France (საფრანგეთი)
- Finnair (ფინეთი)
- KLM (ნიდერლანდები)
- airBaltic (ლატვია)
- Wizz Air (უნგრეთი)
- Austrian Airlines (ავსტრია)
- Lot (პოლონეთი)
- SAS (დანია, ნორვეგია, შვედეთი)
- Avia Solutions (კვიპროსი)
მანამდე ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ევროპულ გადამზიდავ კომპანიებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს, გამოიძიოს მინსკში „რეინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმის საკითხი.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ევროკავშირი ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აეროპორტებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს.
ცნობისთვის: 24 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს, ბელარუსის აეროპორტში დაშვებულიყო. ამ დროს ბორტზე იმყოფებოდა ბელარუსიდან დევნილი ჟურნალისტი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი. ბელარუსის სამართალდამცველებმა ჟურნალისტი აეროპორტშივე დააკავეს, სხვა მგზავრებს კი ვილნიუსისკენ გაფრენის საშუალება მოგვიანებით მისცეს.


