"ჰამასი" თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებასთან კავშირს უარყოფს
25/05/2021 06:11:16 მსოფლიო
პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“ უარყოფს კავშირს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის დანაღმვის შეტყობინებასთან, რომელიც მინსკის აეროპორტმა მიიღო.
23 მაისს ბელარუსმა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა.
ავიახომალდი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს.
24 მაისს, ბელარუსის ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ სიკორსკიმ ჟურნალისტებსს უთხრა, რომ მინსკის აეროპორტმა „ჰამასის ჯარისკაცების“ სახელით, ელექტრონული ფოსტით მიიღო ინგლისურენოვანი შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოითხოვენ ევროკავშირის მიერ ისრაელის მხარდაჭერის შეწყვეტას. სიკორსკის მტკიცებით, წერილში ნათქვამი იყო ისიც, რომ Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელშიც ეკონომიკური ფორუმის, Delfi-ს მონაწილეები იმყოფებიან, ბომბია და ვილნიუსის თავზე აფეთქდება.
რამან პრატასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, პოპულარული ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელია. მან ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. პრატასევიჩს ბელარუსის უშიშროების კომიტეტი ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში.
დასავლეთის სახელმწიფოებმა ლუკაშენკას რეჟიმის ქმედება საერთაშორისო ნორმებზე თავდასხმად შეაფასეს და პრატასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.


