
ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა
24/05/2021 19:31:42 მსოფლიო
მალტა ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ამ დროისთვის მოსახლეობის 70% კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ, ერთი დოზით არის აცრილი.
მისივე ცნობით, ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ სამს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივლისიდან ვაქცინირებული პირებისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ხვალიდან სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებთან დაკავშირებული შეზღუდვები იხსნება. ამასთან, რესტორნებს მუშაობა საღამოს 5 საათის შემდეგაც შეეძლებათ.