ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას უჰანში კოვიდ–ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენამდე ქალაქის ლაბორატორიის თანამშრომელთა ავადობის თაობაზე
24/05/2021 18:35:11 მსოფლიო
ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას უჰანში კოვიდ–ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენამდე ქალაქის ლაბორატორიის თანამშრომელთა ნაწილის Covid-19–ის მსგავსი სიმპტომებით ავადობის თაობაზე.
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ ცდილობს, კორონავირუსის ლაბორატორიული გზით გავრცელების ვერსია სიმართლედ წარმოაჩინოს", – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს–სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა.
მანამდე The Wall Street Journal–მა გაავრცელა ცნობა, რომ უჰანის ლაბორატორიის რამდენიმე თანამშრომელი დაავადდა Covid-19–ის მსგავსი სიმპტომებით 2019 წლის შემოდგომაზე – მანამდე, ვიდრე ქალაქში კოვიდ–ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდებოდა.
ცოტა ხნით წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ Covid-19–ის წარმოშობასთან დაკავშირებით დაავადების ცხოველების ბაზრიდან გავრცელებისა და ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიები შემდგომ შესწავლას საჭიროებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, კოვიდ–ინფიცირების პირველი შემთხვევა უჰანში 2019 წლის 8 დეკემბერს დაფიქსირდა.


