დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
24/05/2021 16:59:23 საზოგადოება
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო "ფლანგვის დეტექტორისა" და ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო "ფლანგვის დეტექტორსა" და ტელეკომპანია „მთავარს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მათ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. კერძოდ, საუბარია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და სიუჟეტზე, რომელიც სააგენტოს საბიუჯეტო სახსრების განკარგვას ეხება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სააგენტოს ბიუჯეტი 308 მილიონი ლარია.
სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტება გააკეთოს საზოგადოებისთვის. სააგენტო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს მედიას გადაუმოწმებელი, ცრუ, ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.
2020 წელს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტიდან გამოიყო ადმინისტრაციული ხარჯი და შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ანაზღაურება - 1 103 000 ლარის ოდენობით, დაიხარჯა - 363 453 ლარი.
სააგენტო ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის ორ მთავარ სახელმწიფო პროგრამას:
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების განვითარების პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 2020 წელს გამოიყო - 700 000 ლარი, დაიხარჯა - 401 698 ლარი.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, ბიუჯეტიდან გამოიყო - 2 090 000 ლარი, დაიხარჯა 3 200 ლარი.
ინფორმაციისთვის, პანდემიით განპირობებული შეზღუდვების გამო, სააგენტო 2020 წლის მარტი-აგვისტოსა და ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში მუშაობდა დისტანციურად რა დროსაც შეჩერებული იყო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება, ხოლო ისეთი ხასიათის ღონისძიებები რომლებიც ითვალისწინებდა მასობრივ ღონისძიებებს არ შემდგარა. სააგენტო მთლიანად გადართული იყო დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციების ადმინისტრირების პროცესებზე.
2020 წლის მაისიდან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 04 მაისის N286 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, სააგენტოს დაევალა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით ორი პროგრამის ფარგლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემის ადმინისტრირება. (მიზნობრივი სოციალური დახმარება 200 ლარი 6 თვე; ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია).
2020 წლის ბიუჯეტიდან 200 ლარიან კომპენსაციაზე გამოიყო 131 441 320 ლარი, დაიხარჯა 131 237 800 ლარი (შედეგად 6 თვიანი კომპენსაცია ჯამში მიიღო 162 271 პირმა, სულ 131 237 800 ლარის ოდენობით), რაც შეეხება 300 ლარიან დახმარებას ბიუჯეტიდან გამოიყო 111 167 000 ლარი, დაიხარჯა - 110 782 400 ლარი (შედეგად 300 ლარიანი კომპენსაცია (ორივე ეტაპზე) გაიცა - 369 275 პირზე 110 782 400 ლარის ოდენობით).
2021 წლის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის დამტკიცებული საბიუჯეტო სახსრები გადანაწილებულია შემდეგნაირად: ბიუჯეტიდან გამოიყო ადმინისტრაციული ხარჯისა და შტატით გათვალისწინებული თანამშრომელთა ანაზღაურება - 1 213 000 ლარი. დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების განვითარების პროგრამის ფარგლებში - 770 000 ლარი, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში - 2 090 000 ლარი.
2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 04 მაისის N286 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, სააგენტომ გააგრძელა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით პროგრამების ადმინისტრირება. მე-2 ტალღის დაზარალებულების საკომპენსაციო თანხად ბიუჯეტიდან გამოიყო - 150 000 000 ლარი. დღეისათვის დაიხარჯა - 99 935 300 ლარი. 139 618 პირს დაერიცხა 200 ლარიანი კომპენსაცია 4 თვის (კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება).
ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ აღნიშნული თანხების გაცემის შესახებ ინფორმაცია ყოველთვიურად ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე და ვრცელდება საინფორმაციო სააგენტოებში. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა ნებისმიერი პირისთვის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიას გადაუმოწმებელი, ცრუ, ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს", - ნათქვამია განცხადებაში.


