"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს"
24/05/2021 14:28:17 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მთავრობამ იპოვოს ბალანსი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა წუხილსა და ენერგოდამოუკიდებლობას შორის.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებას ხელისუფლება უსმენდეს, განიხილავდეს და მხედველობაში იღებდეს. გამოხატვის თავისუფლება და ამ შეშფოთების გამოთქმის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის მოსაგვარებლად. მთავრობამ უნდა დააბალანსოს ეს წუხილი და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიკაციის მნიშვნელობა, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე ელექტროენერგიის გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბევრი გადასახადი ელექტროენერგიის გამო. ეს რთული ბალანსია, თუმცა, უმთავრესია საზოგადოების შეშფოთების მოსმენა და მათი ჩართვა ამ ენერგოპროექტების განვითარებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


