"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები იუსტიციის სახლის მიმდებარედ გზის სავალი ნაწილს ათავისუფლებენ და თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებიან
24/05/2021 13:01:05 საზოგადოება
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გზის სავალი ნაწილს ათავისუფლებენ და თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებიან.
"დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ და ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. იქიდან მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. ერთხელ და სამუდამოდ, შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი. ამაში თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა. დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ და იქიდან გავაკეთოთმოწოდება, რომ ყველა ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის საშენებლად [...] როგორც გონიერი საზოგადოება ვცდილობთ, არ გადავიდეთ დესტრუქციაში და მშვიდობით მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე", – აცხადებს აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
მანამდე „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.
მოგვიანებით, აქციის ორგანიზატორებთან პოლიციელები მივიდნენ და ისინი გააფრთხილეს:
"ხელოვნურად ნუ კეტავთ გზის სავალ ნაწილს, ეს არის კანონდარღვევა, გაათავისუფლეთ გზის სავალი ნაწილი".


