„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ: "გადაიკეტება მოძრაობა"
24/05/2021 12:04:55 საზოგადოება
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები თბილისში მსვლელობას მართავენ.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ისინი რესპუბლიკის მოედნიდან "მშრალ ხიდზე" მივლენ, სადაც გზას გადაკეტავენ და საკუთარ პოზიციებს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ.
"გადაიკეტება მოძრაობა, მივმართავთ სიტყვით საზოგადოებას და დავაფიქსირებთ პოზიციას, რა არის ამ ქმედების განმაპირობებელი და საფუძველი. გვინდა მოვუწოდოთ, ამ ისტერიის ფონზე, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, ნუ შევყვებით ხელისუფლებას ნარატივში, რომელსაც ასე წარმატებით მართავს. დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. ჩვენ ვართ ხალხი და უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ყველა ნიშნის გარეშე. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი სიმბოლიკა, ვაკეთოთ ქართული საქმე“, – განაცხადა გოლეთიანმა.
მისი თქმით, პარლამენტის მხრიდან მათთან არანაირი კომუნიკაცია არ არის.
"არ ვაპირებთ, რევერანსები ვაკეთოთ. გვაქვს ჩვენი მკაფიო მოქმედების გეგმა".
ცოტა ხნის წინ გოლეთიანმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის წინ შეხვედრა შესთავაზა – მივიდოდნენ საკანონმდებლო შენობის წინ და იქ ყველა ერთად მოისმენდა ხელისუფლების სათქმელს. გოლეთიანი მეორე ვარიანტსაც– შეხვედრა მედიის თანდასწრებით, პირდაპირი ეთერის რეჟიმში, განიხილავდა.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ იგი "რიონის ხეობის მცველებს" ქუჩაში არ შეხვდება.
მისი თქმით, შემოთავაზებული ფორმატი კონსტრუქციულობის ჩარჩოში არ არის.
"ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არ არის კონსტრუქციულობის ჩარჩოში. ფიზიკურად შეუძლებელია, საკითების განხილული იქნას ასეულობით ადამიანთან. [...]ჩემი კარები ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც შედგება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს", – განაცხადა კუჭავამ.


