თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა
24/05/2021 08:49:13 საზოგადოება
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „რიონის ხეობის მცველები“ "ნამახვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ, „ქართული მარშის" წარმომადგენელ ალექსანდრე ფალავანდიშვილსა და „სირცხვილიას" აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ფალავანდიშვილი მოითხოვდა, რომ რამდენიმე აქტივისტს ტერიტორია დაეტოვებინა იმ მიზეზით, რომ „ის ადგილზე ლგბტ თემის სიმბოლიკებით მივიდა“.
აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი და სხვა სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ, რათა „რიონის ხეობის მცველებისთვის" მხარდაჭერა გამოეცხადებინათ.
„აქციაზე მოვედი და დავდექი, რაღაც სისულელეებს მაბრალებენ. დეესკალაციის მიზნით, რა თქმა უნდა, გავერიდები ტერიტორიას", - აცხადებს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა ერთ–ერთ აქტივისტს, რომელსაც მოკლე შორტი ეცვა, ასე მიმართა: "ტრუსიკით რანაირად ხართ სამშობლოს დასაცავად მოსულიო".
დაპირისპირებულ მხარეებთან ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც ბერძენიშვილი და მისი თანმხლები პირები ადგილიდან გაიყვანა.


