
აქტივისტის დასაკავებლად ათენიდან ვილნიუსში მიმავალი თვითმფრინავი მინსკში იძულებით დასვეს – საერთაშორისო რეაქცია
24/05/2021 05:26:19 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი მინსკში დაესვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა. კერძოდ, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით შეაცვლევინეს.
თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.
პროსტასევიჩი NEXTA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის ასევე აქციების ორგანიზებას უწყობს ხელს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ბორტზე არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ.
ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, თვითმფრინავის იძულებითი დაშვება მინსკში, სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი, ხოლო ბორტზე 170 ადამიანი, 12 სხვადასხვა ქვეყნიდან იმყოფებოდა. ის ამბობს, აქტივისტი ვილნიუსში გასული წლის ნოემბრიდან ცხოვრობდა.
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად აფასებს და ამბობს, რომ საპასუხო რეაგირებაზე ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ.
"ჩემი შეთავაზებაა: ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოცხადდეს არაუსაფრთხოდ; ევროკავშირის აეროპორტებმა არ მიიღონ ბელარუსული თვითმფრინავები; ჩატარდეს გამოძიება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ და რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დაწესდეს", - წერს ის Twitter-ზე.
„ეს არის სერიოზული და საშიში ინციდენტი, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს. ბელარუსმა უნდა უზრუნველყოს ეკიპაჟის და ყველა მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება“,– აცხადებს ნატო–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი.
ინციდენტს ეხმიანებიან საქართველოშიც, თუმცა დაკავებულ აქტივისტს არ ახსენებენ.
"მივესალმებით Ryanair-ის უსაფრთხო დაშვებას საბოლოო დანიშნულების ადგილზე - ვილნიუსში და მოხარულები ვართ ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს თავისუფალი და უსაფრთხო მოგზაურობის საშუალება. მათი იძულებითი შეყოვნება სრულიად მიუღებელია", - წერს საგარეო უწყება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აცხადებს, რომ მკაცრად გმობს ლუკაშენკას რეჟიმის "თავხედურ და შოკისმომგვრელ აქტს", რომელიც მიმართული იყო კომერციული რეისისთვის კურსის შეცვლისა და ჟურნალისტის დაპატიმრებისკენ. ბლინკენის თანახმად, აშშ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს და პარტნიორებთან კოორდინაცია აქვს.