ღარიბაშვილი BP-ის რეგიონულ დირექტორს ახალ ინვესტიციებზე ესაუბრა
21/05/2021 14:34:46 ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BP-ის რეგიონულ დირექტორ გარი ჯონსსშეხვდა.
ოფიციალური რელიზის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები. აღინიშნა, რომ BP-ს 25 წელია, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებისა და საწვავის მიწოდების კუთხით.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა, განიხილოს კომპანიასთან სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულებები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების საქართველოში განვითარების შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა BP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს.


