ლარის გამყარების ტენდენცია და მოლოდინები
21/05/2021 08:43:31 ეკონომიკა
ეროვნული ვალუტა დრამატული გაუფასურების შემდეგ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მცირედით გამყარდა: გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ამერიკულ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ ორ თეთრზე მეტი შეადგინა. დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.25 ლარია. ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთან მიმართებითაც.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღნიშნულს პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირებს:
"ლარის კურსის გამყარება დამოკიდებულია იმ მოლოდინთან, რაც არსებობს ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან და გახსნასთან დაკავშირებით, ასევე ტურიზმის სექტორთან მიმართებაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ყველა მიმართულებით - ტურიზმის სექტორის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებითაც და შესაბამისად, ყველა ეს ფაქტორი აისახება ლარის კურსზე".
პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირებენ ლარის გამყარებას სფეროს ექსპერტი გიორგი კეპულაძეც.
"როგორც გაუფასურებაზე, ისე გამყარებაზე ქვეყანაში არსებული მოლოდინი მოქმედებს. ახლა შეიქმნა პოზიტიური მოლოდინი იმ მიმართულებით, რომ გაიხსნება სახმელეთო საზღვრები, შემოვლენ ტურისტები. ბაზარი უკვე რეაგირებს და შესაძლებელია, ვიღაცები უკვე ყიდდნენ დოლარს" - აცხადებს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.


