
პუტინმა ოლბრაიტის არარსებული ციტატა კვლავ გამოიყენა
21/05/2021 08:07:04 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის არარსებული ციტატა კიდევ ერთხელ გამოიყენა. ავტორის დაუკონკრეტებლად პუტინმა განაცხადა: "ვიღაცები საჯაროდ ბედავენ იმის თქმას, რომ უსამართლოა, ციმბირის სიმდიდრე მხოლოდ რუსეთს ეკუთვნოდეს". ამ სიტყვებს რუნეტში ამერიკელ პოლიტიკოსს 2000-იანი წლების დასაწყისიდან მიაწერენ, მაგრამ რეალურად, ოლბრაიტს მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს.
ვითომდა ოლბრაიტის ციტატა 2000-იანების დასაწყისში ჯერ რუნეტში გაავრცელეს, ხოლო მერე მასზე რუსმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს აპელირება.
2014 წელს პუტინმა ერთხელ უკვე გამოიყენა ეს ციტატა პრეს-კონფერენციაზე, განაცხადა რა, რომ "მსგავსი აზრები მრავალჯერ სმენიათ თითქმის ოფიციალური პირებისგან". მაშინ "The New York Times" აღნიშნავდა, რომ ოლბრაიტის მიერ ამ აზრის გამოთქმის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. 2015 წელს თავად ოლბრაიტმაც განაცხადა, რომ მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. "ვიცი რუსეთში იმ ადამიანთა არსებობის შესახებ, რომელთაც ეჩვენებათ, რომ ჩემი აზრების კითხვა შეუძლიათ, რეალურად კი, მსგავსი რამ არასოდეს არც მიფიქრია, არც მითქვამს" - აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
სავარაუდოდ, ოლბრაიტმა იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტის დაცვის სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ ბორის რატნიკოვის ინტერვიუ "Российская газета"-სთან, რომელშიც ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ "რუსული სპეცსამსახურები ოლბრაიტის ქვეცნობიერს დაუკავშირდნენ". "ამერიკული ავიაციის მიერ იუგოსლავიის დაბომბვამდე ორი კვირით ადრე ჩვენ სახელმწიფო მდივან ოლბრაიტის ქვეცნობიერთან დაკავშირებით სეანსი ჩავატარეთ. ქ-ნი ოლბრაიტის ფიქრებში აღმოვაჩინეთ სლავების მიმართ პათოლოგიური ზიზღი. გარდა ამისა, იგი აღშფოთებული იყო იმით, რომ რუსეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი სასარგებლო წიაღისეული გააჩნია. ოლბრაიტის აზრით, სამომავლოდ რუსული მარაგები არა მარტო რუსეთმა, არამედ მთელმა კაცობრიობამ უნდა გამოიყენოს - რა თქმა უნდა, აშშ-ის კონტროლქვეშ" - ირწმუნებოდა გენერალი.
ინტერნეტიდან აღებული ციტატა პოპულარულად იქცა რუს პოლიტიკოსებს შორის. პირველად იგი საჯაროდ რუსმა პოლიტიკოსმა ალექსეი პუშკოვმა გამოიყენა. ეს 2005 წელს, მის ტელეგადაცემაში მოხდა. 2012 წელს ციტატა თავის სტატიაში ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა გაიმეორა, 2015 წელს კი გამოიყენა უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.