ბაიდენის თანაპარტიელი სენატორი ისრაელისთვის იარაღის არმიყიდვის შესხებ რეზოლუციის წარდგენას გეგმავს
20/05/2021 15:25:05 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანაპარტიელი სენატორი ბერნი სანდერსი გეგმავს, წარადგინოს რეზოლუცია ისრაელისთვის 735 მლნ დოლარის ღირებულების მაღალი სიზუსტის იარაღის არმიყიდვის თაობაზე, – იუწყება The Washington Post.
"იმ დროს, როდესაც აშშ-ის მიერ წარმოებული ბომბები ანადგურებს ღაზას და კლავს ქალებსა და ბავშვებს, ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავუშვათ იარაღის მორიგი უზარმაზარი პარტიის გაყიდვა კონგრესის დებატების გარეშე", – აცხადებს, The Washington Post–ის ცნობით, სანდერსი.
თავად გამოცემა დასძენს, რომ იარაღის გაყიდვის შეჩერებისკენ მიმართული სენდერსის ნაბიჯი სავარაუდოდ, წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარეებმა უკვე დაამტკიცეს.
17 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელისთვის 735 მლნ დოლარის ღირებულების მაღალი სიზუსტის იარაღის მიყიდვას მხარი დაუჭირა.
უკვე მე–11 დღეა, ისრაელ–ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიშია. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 227 ადამიანი, მათ შორის 64 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


