Accentnews.ge
"მართალია, 20-წლიანი დაგვიანებით, მაგრამ აფხაზები მივხვდით, რომ რუსეთის რეალური ზრახვები ძალზე შორსაა ჩვენი საჭიროებებისა და სურვილებისგან"

"მართალია, 20-წლიანი დაგვიანებით, მაგრამ აფხაზები მივხვდით, რომ რუსეთის რეალური ზრახვები ძალზე შორსაა ჩვენი საჭიროებებისა და სურვილებისგან"

20/05/2021 13:02:35 კონფლიქტები

შორეულ 2009 წელს რუსეთმა და აფხაზეთმა გააფორმეს ძალზე უცნაური შეთანხმება «აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დასაცავად ერთობლივი ძალისხმევის შესახებ». რატომ "უცნაური"? - იმიტომ, რომ დოკუმენტი არა იმდენად საზღვრების ერთობლივ დაცვას ითვალისწინებს, რამდენადაც ყველა აფხაზური სტრუქტურის უპირობო დაქვემდებარებას სწორედ ამ მიზნით აფხაზეთში შექმნილი «რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთვის».

მაშინ, 2009-ში, ეს დამონება შენიღბეს გაზნრახვად, "საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე" განევითარებინათ "მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო თანამშროლობა «რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ» 2008 წლის 17 სექტემბრის შეთანხმების დებულებების რეალიზებისთვის", რაც, როგორც მაშინ ითქვა, "აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესიდან" გამომდინარეობდა. მაგრამ ესოდენ სერიოზული და ხმამაღალი სახელწოდების უკან თურმე, აფხაზური მიწების ჩვეულებრივი მითვისება იმალებოდა.

ამ თითქოსდა კეთილი საქმის საფარქვეშ აფხაზეთი დაავალდებულეს, რუსული სასაზღვრო სამსახურისთვის მიენიჭებინა დოკუმენტურად დადასტურებული უფლება, უსასყიდლოდ ესარგებლა მიწის ნაკვეთებითა და უძრავი ქონებით, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენს (პუნქტი 7). მეტიც, ამ დოკუმენტმა სრულად უზრუნველჰყო რუსი სამხედროების იმუნიტეტი ნებისმიერი სასჯელისგან - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი აფხაზეთის კანონმდებლობას დაარღვევენ და თუნდაც ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს მოკლავენ (პუნქტი 12). გარდა ამისა, რუსი სამხედროები აფხაზური კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლისგან გაათავისუფლეს (პუნქტი 13).

ეს არცთუ ვრცელი დოკუმენტი ეხლა იმ ისტორიებმა გამახსენა, რომლებიც აგერ უკვე მერამდენე თვეა, აშფოთებს აფხაზურ საზოგადოებას. ყველა ეს ამბავი დაკავშირებულია ფსოუს საზღვართან, სადაც აფხაზეთის მკვიდრნი როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით საათობით დგანან გრძელ რიგებში.

თუ საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ 2009 წლის შემდეგ ხელმოწერილ დოკუმენტებს გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ მათში დიდად არაფერი შეცვლილა - შეიცვალა მხოლოდ ზოგიერთი უმნიშვნელო ფორმულირება და ურთიერთქმედებათა წრე. უცვლელია მთავარი - რუსეთის ფედერაციის მიმართ აფხაზეთის ვალდებულებები, ხოლო ჩვენი - აფხაზეთის უფლებები 2009 წლიდან დღემდე არც ერთ ასეთ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა. და ეს - მაშინ, როცა ჩვენს ტერიტორიაზე ათასობით რუსი სამხედროა განთავსებული!

პირველი შეთანხმების გაფორმებიდან 11 წელი გავიდა, ვითარება კი როგორი საგანგაშოც იყო, ისეთია დღესაც. მედიას არაერთგზის გაუშუქებია სკანდალები, რომელიც აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე ხდება: გამშვებ პუნქტ «ფსოუს» მორიგი ხელმძღვანელის ხუშტურით ან მოსკოვიდან მიღებული ბრძანებით წესდება "შემოწმების დამატებითი წესები» და გარდა ამისა, ორი «მეგობრული» და «მოკავშირე» ქვეყნის საზღვარზე ადამიანებს რატომღაც უკანონოდ აკავებენ.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი სკანდალი, რომელიც გახმაურდა, წინასაახალწლოდ მოხდა. აფხაზეთის პარლამენტის წევრი, რომელიც, სხვათა შორის, კანონით, რუს სამხედროებზე მეტი იმუნიტეტითა და ხელშეუხებლობით სარგებლობს, სახელმწიფო საზღვარზე «შინაურული გასაუბრების მიზნით» დააკავეს. ალმასხან არძინბა რესპუბლიკაში ოპოზიციის წარმომადგენლადაა ცნობილი. 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე მან თავის მოგვარეს — ეკონომიკის ექს-მინისტრ ადგურ არძინბას დაუჭირა მხარი. ალმასხან არძინბა ადგურ არძინბას ოპოზიციური ორგანიზაცია «აფხაზური სახალხო მოძრაობის» წევრია და არასოდეს მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესებისადმი, რომელიც, მათ შორის, აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. თავად პარლამენტარის ინფორმაციით, 15 დეკემბერს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებმა მას კითხვები დაუსვეს პოლიტიკური შეხედულებებისა და სადეპუტატო საქმიანობის თაობაზე. «…როგორც ჩანს, მსგავსი მეთოდებით პირადად ჩემი დაშინება და ამავდროულად ყველა დანარჩენი ოპოზიციონერისთვის იმის ჩვენება სურთ, რომ შეუძლიათ, მათ სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნან», - დაწერა ალმასხან არძინბამ «ფეისბუქში» პირად გვერდზე. დეპუტატმა მომხდარში აფხაზეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომელსაც, მისი ხედვით, «არ გააჩნია უნარი, კონსტრუქციული საუბარი აწარმოოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან». ამასთან, ალმასხან არძინბამ ის ფაქტიც აღნიშნა, რომ "მსგავსი ინიციატივები ზიანს აყენებს აფხაზეთ-რუსეთის სამოკავშირეო და მეგობრულ ურთიერთობებს".

არ ვიცი, აქვს თუ არა რუსი მესაზღვრეების თვითნებობასთან კავშირი აფხაზეთის ხელისუფლებას, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციას უყვარს, სწორედ ასეთი მეთოდებით აიძულოს მისი ქმედებებით უკმაყოფილო მოქალაქეები, დადუმდნენ, უდავოა.

«როდესაც ჩერქეზული სამყარო აჯანყდა იმის გამო, რომ წმინდა ადგილზე, სადაც კავკასიური ომის დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 36 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაღაც გასართობი ცენტრის მშენებლობა დააპირეს, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩვენს ადიღ ძმებს შევერთებოდით. გავედით აფხაზეთიდან, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავაღწიეთ. დაგვაკავეს რუსმა მესაზღვრებმა და ყველანი გამოგვკეტეს. საქმე მაშინ იქამდე მივიდა, რომ ლამის ტერორიზმში დაგვადანაშაულეს», - ყვება ჩვენი თანამოსაუბრე არკადი. მამაკაცის თქმით, მას შემდეგ მან აფხაზეთიდან გასვლა სულ ერთი-ორჯერ სცადა, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც პრობლემებს «აღმოუჩენდნენ», რომელთა გამოც რუსი «ეფესბეშნიკები» უკან აბრუნებდნენ. «აი, ასე ვზივარ სამშობლოში, არსად გავდივარ 2017 წლიდან. ან როგორ გავიდე, როცა როგორც მშიერი ძაღლები - ძვალს, ისე მეცემიან ხოლმე რუსი მესაზღვრეები?! და ჩემნაირი სიებში უამრავი ჰყავთ», - ამბობს არკადი.

ჩვენი მეორე თანამოსაუბრე — ემზარი თვლის, რომ ვითარება აფხაზეთში იმდენად დამძიმდა, რუსებს ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, ადგილობრივ მოსახლეობას თავისი ჯარი დაუპირისპირონ. «აქ ისინი ათობით ათასნი არიან. მათ გააჩნიათ იარაღის გამოყენების უფლება და ამისთვის პასუხს არავინ აგებინებთ. ერთი ბრძანება მოსკოვიდან — და აქ ყველას სახლებში გამოგვკეტავენ, ფანჯრიდან გახედვის უფლებაც კი არ გვექნება. დავიჯერო, დარჩა ჩვენში ვინმე, ვინც ამას ვერ ხვდება?! რუსეთი გვაიძულებს, ხმა ჩავიგდოთ, წინააღმდეგობა შევწყვიტოთ და როგორც ჩანს, დასახულ ამოცანას წარმატებით ართმევს თავს», - ამბობს ახალგაზრდა.

თვეებია, აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთთან საზღვარზე მრავალკილომეტრიან რიგებში დგომით იღლება. ვინ აღარ სცადა პრობლემის მოგვარება — თვით პრეზიდენტმაც კი, მაგრამ ვითარება მხოლოდ უმნიშვნელოდ შემსუბუქდა და ისიც — მცირე დროით.

ჩვენი თანამოსაუბრეების აზრით, ეს აფხაზეთზე, მის მოქალაქეებზე ზეწოლის ხერხია, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს პრიმიტიული მეთოდები საუკეთესოდ ზემოქმედებს რიგით მოქალაქეებზე, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ საზღვრის სრულად ჩაკეტვის, შემდგომი ბლოკადისა და უპენსიოდ დარჩენის.

ჰოდა, გამოდის, რომ რუსეთისთვის მეგობრობის, მოკავშირეობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება ცარიელი სიტყვებია. აფხაზეთს იგი აღიქვამს მსხვერპლად, რომელიც თავს ნებაყოფლობით სწირავს. მაშასადამე, დიდ მეზობელს შეუძლია, ესოდენ სუსტ და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პარტნიორს ისე მოექცეს, როგორც მოისურვებს. ენდომება — დამოუკიდებლად დატოვებს, გადაიფიქრებს — და გადააქცევს თავის მორიგ უკანა ეზოდ.

რუსეთის მიერ კეთილი ქველმოქმედის როლის თამაშის აფხაზეთში აღარ სჯერათ. მართალია, 20-წლიანი დაგვიანებით, მაგრამ ხალხი მიხვდა, რომ რუსული სახელმწიფოს რეალური ზრახვები ძალზე შორსაა აფხაზი ხალხის საჭიროებებისა და სურვილებისაგან. აფხაზეთისთვის თავს მოხვეული "კანონმდებლობების ჰარმონიზაცია" კი, რომელსაც გასული წლიდან მოყოლებული, მოსკოვი ჩვენგან დაჟინებით მოითხოვს, სხვა არაფერია, თუ არა შერწყმა და შთანთქმა.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S