მედია - ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესაძლოა, პარასკევს შედგეს
20/05/2021 10:15:52 მსოფლიო
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შესაძლოა, პარასკევს 21 მაისს შედგეს, - იუწყება The Wall Street Journal.
მისი ცნობით, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით მოლაპარაკებების პროცესებში ჩართულმა ეგვიპტელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა "ჰამასის" ლიდერებთან დიალოგისას წინსვლას მიაღწიეს. როგორც The Wall Street Journal წერს, ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ახლოს არიან ღაზას სექტორში დასახული ყველა მიზნის შესრულებასთან.
უკვე მე–11 დღეა, ისრაელ–ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიშია. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 227 ადამიანი, მათ შორის 64 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


