გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა
20/05/2021 08:14:19 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ისრაელში ჩავიდა. მას ბენ-გურიონის აეროპორტში საგარეო მინისტრი გაბი აშკენაზი დახვდა.
გერმანელი დიპლომატი ისარელში ვიზიტისას, ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაასი ისრაელსა და პალესტინაში ჩავიდოდა
როგორც გერმანულ საგარეო უწყებაში აცხადებენ, დიპლომატი ისარელ–პალესტინას შორის დეესკალაციის საერთაშორისო მცდელობებს შეუწყობს ხელს.
უკვე მე–11 დღეა, ისრაელ–ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიშია. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 227 ადამიანი, მათ შორის 64 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


