ისრაელის ენერგოკომპანაია: "ვიდრე არ გადმოგვცემენ პატიმრებსა და ჩვენი ჯარისკაცების ცხედრებს, ღაზაში დენის მიწოდება არ აღდგება"
20/05/2021 07:37:18 მსოფლიო
ღაზას უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, ელექტროგადამცემი ხაზები "ჰამასის" ნასროლმა რაკეტებმა დააზიანეს.
ისრაელის ენერგოკომპანაია სადენების შეკეთების პირობებს ასახელებს.
"2 ებრაელი ღაზაში საკუთარი სურვილით შევიდა და დააპატიმრეს. გარდა ამისა, 2014 წელს ომში დაღუპული ორი ებრაელი ჯარისკაცის ცხედარი ამ დრომდე ღაზას ისრაელისთვის არ დაუბრუნებია. ვიდრე არ გადმოგვცემენ პატიმრებსა და ჩვენი ჯარისკაცების ცხედრებს, ღაზაში დენის მიწოდება არ აღდგება", – აცხადებენ ენერგოკომპანაიაში.
უკვე მე–11 დღეა, ისრაელ–ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიშია. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 227 ადამიანი, მათ შორის 64 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


