საქსტატი - 2021 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე გაიზარდა
20/05/2021 07:11:19 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%–ით გაიზარდა 21.9% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0%–ით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2%–ით და 37.7%–ს შეადგენს.
- სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3%–ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.8%–ით;
- დასაქმების ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9%–თ, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.3%–ით.
- 2021 წლის პირველ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.4%–ს შეადგენდა, რაც 1.2%–ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
- 2021 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7%–ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 0.4%–ით.
საქსტატი აღნიშნავს, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით:
2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 4.0%–ით, ხოლო კაცებში – 3.3%–ით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში:
2021 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 38.2%–ს, ხოლო კაცებში 60.0%–ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.3 პროცენტული პუნქტით.
2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 4.5 და 3.8 პროცენტული პუნქტით.


