
აშშ–მა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებელ კომპანიას სანქციები მოუხსნა – მსოფლიო ლიდერების რეაქცია
20/05/2021 05:24:23 მსოფლიო
აშშ–მა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებელ კომპანიას "ჩრდილოეთ ნაკადი 2 AG" სანქციები მოუხსნა. ამასთან, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მათიას ვარნინგისთვის დაწესებული სანქციებიც გააუქმა, – იუწყება BBC.
მისივე ცნობით, მათიას ვარნინგი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი დაზვერვის ოფიცერია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა.
ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტისთვის სანქციების გაუქმება, რომლის საშუალებითაც, რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით დასავლეთ ევროპისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ბაიდენის ადმინისტრაციის შესაბამის გადაწყვეტილებას თავად აშშ–სა და მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კრიტიკოსები აღნიშნულ ნაბიჯს "პუტინისთვის უდიდეს გეოპოლიტიკურ საჩუქრად" აფასებენ.
მსოფლიოს რეაქცია
რუსეთი
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი: "მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ეს არის შანსი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ეტაპობრივად წავიდეთ".
გერმანია
ქვეყნის ოფიციალური პირები მიესალმნენ სანქციების მოხსნის ფაქტს, როგორც "კონსტრუქციულ ნაბიჯს" ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან.
- საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი: ”ეს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ გერმანია მნიშვნელოვანი პარტნიორია აშშ-სთვის, რომლის იმედიც ვაშინგტონს შეუშლია, რომ ჰქონდეს".
უკრაინა
ქვეყანაში აცხადებენ, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2" რუსეთის ყველაზე "საშიში გეოპოლიტიკური პროექტია".
- უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია "ნაფტოგაზის" აღმასრულებელი დირექტორი იური ვიტრენკო:
- "კიევი გაზრდის ზეწოლას ვაშინგტონზე, რათა შეჩერდეს პროექტი".
ამერიკელი პოლიტიკოსების რეაქცია
ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს პრეზიდენტის თანაპარტიელებმა.
- სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ბობ მენენდესი:
- "ვერ ვხედავ მტიცებულებას, როგორ შეუწყობს ხელს დღევანდელი გადაწყვეტილება აშშ-ის ძალისხმევას, შეაჩეროს ევროპაში რუსეთის აგრესია".
გადაწყვეტილება დაგმეს რესპუბლიკელმა კანონმდებლებმაც.
- სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი ჯიმ რიში:
- "ეს საჩუქარი იყო პუტინისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეასუსტებს შეერთებული შტატების ბერკეტებს ბაიდენ-პუტინის მოსალოდნელ სამიტამდე”.
რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი:
- "თუ პუტინის რეჟიმს მიეცემა საშუალება ამ მილსადენის მშენებლობა დაასრულოს, ეს იმიტომ მოხდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აირჩია ამის განხორციელება. ეს არის რუსული "ავთვისებიანი" გავლენის პროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოდამოკიდებულებას მოსკოვზე, გახდის უკრაინას უფრო დაუცველს რუსეთის აგრესიისგან და მილიარდობით დოლარს მოუტანს პუტინს".
"მას შემდეგ, რაც ბაიდენი პრეზიდეტი გახდა, მან პირობა დადო, რომ აღარ იქნებოდა "რუსეთის აგრესიული ქმედებების უგულებელყოფა". თუმცა ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი თავს არიდებს გერმანიასთან ტრანსატლანტიკური განხეთქილების რისკს იმ დროს, როდესაც ის ცდილობს ევროპელი მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღმავებას", – წერს BBC.
პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი -2"
პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი-2", რომელიც რუსული გაზის გერმანიისკენ ბალტიის ზღვის ფსკერით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ამერიკული სანქციების გამო “გაიყინა”. 2019 წლის დეკემბრიდან სამუშაოები შეწყდა. თუმცა 2020-ის მაისის დასაწყისში გაჩნდა ცნობა: რუსეთი გეგმავს, მშენებლობა უცხოელი კონტრაქტორების გარეშე, ხომალდ "Академик Черский"-ს მეშვეობით დაასრულოს, რომელიც გერმანულ პორტ მუკრანის აკვატორიაში ჩამოდგა. ამ ცნობის საპასუხოდ აშშ რუსული “გაზპრომისა” და რამდენიმე ევროპული ენერგოკომპანიის ერთობლივ პროექტს ახალი სანქციებით დაემუქრა. თავის ბოლო სამუშაო დღეს, 19 იანვარს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსულ კომპანია KVT-RUS-ს, რომელიც ზღვის ფსკერზე მილების გამყვანი გემის მფლობელია. ამერიკაში არჩევნებისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, კერძოდ, 5 თებერვლიდან „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესი კვლავ განახლდა. მშენებლობის შესაჩერებლად ამერიკის კონგრესის ორპარტიული თანხმობით, კონგრესმენები და სენატორები ჯო ბაიდენისგან მოითხოვდნენ, რომ მას ამ პროექტის წინააღდმდეგ დამატებითი სანქციები დაეწესებინა.
“ჩრდილოეთ ნაკადი 2" მოწოდებულია, უზრუნველჰყოს რუსული ენერგორესურსების მიწოდება კიევისგან დამოუკიდებლად, რომელთანაც მოსკოვს უკვე მრავალწლიანი კონფლიქტი აქვს, მათ შორის – გაზის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით. სწორედ პროექტის გეოპოლიტიკურმა შემადგენელმა აქცია, სავარაუდოდ, იგი მნიშვნელოვან თემად საერთაშორისო დღის წესრიგში და გამოიწვია განსაკუთრებული ინტერესი რუსეთში. “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის დამუხრუჭებით აშშ-მა რუსეთთან კონფლიქტში უკრაინის მხარე დაიჭირა და კიევს გაზის ტრანზიტისგან შემოსავლის შენარჩუნებაში დაეხმარა.