„მოხდა უზრუნველყოფა, რომ ყველა პირობა შესრულდეს“ – გერმანიის ელჩი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემაზე საუბრობს
19/05/2021 12:26:09 საზოგადოება
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ საქართველოდან გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით გამგზავრებული ჯგუფის პრობლემებზე გერმანულმა მხარემ რეაგირება მოახდინა.
ამასთან, როგორც ელჩი „აქცენტთან" აცხადებს, გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.
„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის, შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა.
გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი. პრობლემები შეიძლება, ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“ - განუცხადა "აქცენტს" ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიიდან საქართველოში 9 მაისს გამგზავრებული ჯგუფის წევრები გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე საუბრობენ. კერძოდ, საუბარია არასათანადო საცხოვრებელ პირობებზე და მცირე ანაზღაურებაზე. როგორც საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, მათ დღეში მხოლოდ ოთხი საათით ამუშავებენ, ხოლო ანაზღაურება, ნაცვლად დაპირებული საათში 9,5 ევროსა, 3 ევროა.
საქართველოს დასაქმების სააგენტოში აცხადებენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ანაზღაურების საკითხი დაზუსტებას საჭიროებს, დამსაქმებელმა რიგი ხარვეზების გამოსწორება დაიწყო და თუ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას სრულად არ შეასრულებს, საქართველოს მოქალაქეები სხვა დამსაქმებელთან გადანაწილდებიან.


