ინდოეთში, მდინარეში და სანაპიროებზე ასობით ცხედარი იპოვეს
19/05/2021 05:02:26 მსოფლიო
ინდოეთში, მდინარე განგიში და სანაპიროებზე ასობით ცხედარი იპოვეს. როგორც BBC იუწყება, ცხედრების ნაწილი წყალში ქვებზე დაბმული იყო, ნაწილი – სანაპიროებზე გამორიყული ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული.
გამოცემა წერს, რომ მდინარემ თავდაპირველად 70-მდე გვამი 10 მაისს უტარ პრადეშის შტატის სოფელ ჩაუსაში გამორიყა. ამის შემდეგ კი გვამები გამოჩნდა გაჰმარში, კანაუჯიში, კანპურში, უნაოსა და სხვა ადგილებში. ადგილობრივების აცხადებენ, რომ გარდაცვლილები სავარაუდოდ, კოვიდ–ინფიცირებული პირები არიან.
გვამების ნაწილი სამართალდამცავებს წყლიდან ამოჰყავთ და კრემაციას უტარებენ.
"კრემაციისთვის შეშის არქონისა და მიცვალებულის გაპატიოსნებისთვის საჭირო ხარჯების არარსებობის გამო ზოგიერთ ოჯახს სხვა გზა არ დარჩა, გარდა იმისა, რომ კორონავირუსით დაღუპული ახლობლების ცხედრები პირდაპირ მდინარეში ჩაყარონ", – აცხადებენ ადგილობრივები გამოცემასთან.

სადღეისოდ მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებისა და დაავადებით გარდაცვალების კუთხით ყველაზე რთული ვითარება ინდოეთში. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 267 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით 4 529 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა 275 000-ს აჭარბებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით გაცილებით მაღალია.


