პალესტინის ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე მომხდარ შეტაკებებს 3 პალესტინელი ემსხვერპლა
18/05/2021 19:05:26 მსოფლიო
დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის დღევანდელ შეტაკებებს 3 პალესტინელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 72–ს აღწევს, მათ შორის, 5 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ისრაელის არმიაში აცხადებენ, "ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც რიგმა პალესტინელმა დემონსტრანტმა მათი მიმართულებით ინტენსიური სროლა განახორციელა".
ცნობისთვის: 9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში თითქმის უწყვეტად გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათ შორის ათობით ბავშვია.
9 დღეში კონფლიქტს 222 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 212 ადამიანი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.
13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.
მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


