
ოქრუაშვილი "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სასამართლო დავას იწყებს
18/07/2019 15:32:11 სხვა, სამართალი
პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს ხვალ, 11:00-ზე საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-თან საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შეაქვს. ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ზე მოთხოვნას არ დათმობს.
“სამი წელია ჩემი და შენი “შნირის” (ადრე ჩემი იყო, სამწუხაროდ) ხალვაშის დავა “რუსთავი 2”-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე “რუსთავი 2”-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო. და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ, რომ მაგას არ დაგითმობ. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო – ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის, სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ”, – აცხადებს ოქრუაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წელს მიმართა. ოქრუაშვილი ხალვაშისგან 13 მილიონ აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.
ოქრუაშვილმა მაშინ ასევე გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხალვაშმა 2005-2010 წლებში ოქრუაშვილისა და მასთან აფილირებული პრებისგან 7.7 მილიონი დოლარი ისესხა წლიური 10%-ით. [პროცენტის წყალობით გაიზარდა თანხა 7-დან 13 მილიონამდე]. აღნიშნული დოკუმენტის სხვა პუნქტის მიხედვით, “რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის:
“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ არცერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”,- წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს.
ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი პაატა სალია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი გაყალბებულია.
მისი თქმით, ხალვაში აპირებს ექსპერტიზის ბიუროში მისვლას და ხელმოწერის ჩაბარებას, რომელიც ოქრუაშვილის დოკუმენნტთან შედარდება.
"ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებდა დაახლოებით 2015 წლის ბოლოს, რომ მას ჰქონდა ხელთ რაღაც დოკუმენტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ „რუსთავი 2 „ მისია, ქიბარ ხალვაშს მისი დავალიანება აქვს - პროცენტიანი ვალი ჰქონია თურმე ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის, დაახლოებით 7 მილიონი, რომელიც ახლა თითქოს 10 მილიონი გახდა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი გაყალბებული დოკუმენტია.
ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზის დანიშვნა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ოქრუაშვილს აქვს ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნა, რომელთაგან ერთი უცხოეთშია გაკეთებული, დანარჩენი კი საქართველოში, სხვადასხვა კერძო სტრუქტურების მიერ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ექსპერტები შეცდომაში არიან შეყვანილები, რადგან არასწორი მასალა აქვთ შესადარებლად წარდგენილი. ქიბარ ხალვაში აქ არის, მივა აუცილებლად ექსპერტიზის ბიუროში, მოაწერს ხელს, შედარდება მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტთან და ამითაც ყველანაირ სპეკულაციას დაესმება წერტილი", - განაცხადა სალიამ.
ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.
იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას
ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"
რას გეგმავს „რუსთავი 2“: „ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს“