სასამართლომ "რუსთავი 2"-ის უძრავი ქონება დააყადაღა
18/05/2021 08:00:34 საზოგადოება
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.
ყადაღა დაედო "რუსთავი 2"-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას.
“აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს”, აცხადებს კახა კოჟორიძე.
სასარჩელო უზრუნველყოფის ფარგლებში ტელეკომპანიის უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება დვალმა და აქიმიძემ მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ცნობილი გახდა ტელეკომპანიის “პრაიმმთაიმთან” ერთად ჰოლდინგში გაერთიანების შესახებ. შესაბამისად, გაჩნდა რისკი, რომ “რუსთავი 2"-ის ქონება გასხვისდება.


