პალესტინის ცნობით, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ღაზაში მდებარე ერთადერთი კოვიდ–ლაბორატორია აღარ ფუნქციონირებს
18/05/2021 07:23:45 მსოფლიო
"პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის" ცნობით, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ღაზაში მდებარე ერთადერთი კოვიდ–ლაბორატორია აღარ ფუნქციონირებს.
მისი ინფორმაციით, დანგრეული კლინიკა ერთადერთია, სადაც „კოვიდ-19“-ის ტესტებს ატარებდნენ. დაბომბვის შემდეგ კლინიკამ მუშაობა შეაჩერა.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ისრაელ–ღაზას კონფლიქტის დროს "ათობით ინციდენტი მოხდა ჯანდაცვის მუშაკებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით, რაც შემაშფოთებელია".
”გარდა ამისა, მიმდინარე იერიშმა „კოვიდ-19“-ის ტესტირებასა და ვაქცინაციაზე სერიოზულ გავლენაზე იქონია. ეს ჯანდაცვის კუთხით რისკებს რისკებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის", – განაცხადა გებრეიესუსმა.
![]()
9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას შორის სარაკეტო იერიში თითქმის უწყვეტად გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ იუწყება. მათ შორის ათობით ბავშვია.
9 დღეში კონფლიქტს 222 ადამიანი, მათ შორის 63 ბავშვი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 212 ადამიანი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 10 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
პარალელურად, ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობები მიმდინარეობს. შესაბამის პროცესში აქტიურად არის ჩართული ეგვიპტე. ამასთან, აშშ–მა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით წარმომადგენელი გაგზავნა. თუმცა ჯერ–ჯერობით ყველა მცდელობა უშედეგოა.
13 მაისიდან ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლიც გაუხსნა.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


